Portrait of Georgian painter Getman Topuria

ბიოგრაფია

•

1941–2025

მხატვარი გეტმან თოფურია დაიბადა 1941 წლის 4 თებერვალს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, „პლეხანოვზე“, გორკის ქუჩაზე. ოჯახი საკმაოდ ვიწროდ ცხოვრობდა. პატარა გეტამ (ასე ეძახდნენ მას ახლობლები) 7 წლის ასაკში დაიწყო ხატვა. როგორც ჩანს, მას მხატვრობა სისხლში ჰქონდა — ხატავდა ყველაფერს: სამზარეულოში ჭურჭელს, ოთახის ინტერიერს, გორკის ქუჩის პატარა ეზოს და ა. შ.

12 წლისამ თავისი პირველი გამოფენა მოაწყო. 15 წლისა ადგილობრივ სამხატვრო ლიცეუმში შევიდა (ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში). 1960 წელს, 19 წლის ასაკში, წარმატებით დაამთავრა იგი საგამოცდო ნახატით, რომელიც ეროვნულმა მხატვრებმა ღირსეულად შეაფასეს. ამას მოჰყვა სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში მან შექმნა უამრავი პეიზაჟი და სახასიათო პორტრეტი. 1967 წელს გეტმან თოფურიამ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

აკადემიის დამთავრება უფლებას აძლევდა, რომ სსრკ მხატვართა კავშირის წევრი გამხდარიყო. სოციალისტური რეალიზმის მკაცრ მოთხოვნებზე მორგებული რეალისტური ნამუშევრების შექმნასთან ერთად, იგი იკვლევდა და სწავლობდა იმპრესიონიზმისა და მოდერნიზმის გამომსახველობით ტექნიკებს. როგორც მხატვართა კავშირის წევრი, იგი მონაწილეობდა საბჭოთა პერიოდის სავალდებულო რეგიონულ გამოფენებში და ასრულებდა შეკვეთებს სოციალისტური რეალიზმის თემატიკაზე. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს იყო გამოფენილი სსრკ-ის ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმებსა და რუსეთის ქალაქებში; თბილისისა და ქუთაისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში, ქართული მხატვრობის ზუგდიდის მუზეუმში, წარმოდგენილი იყო ალმა-ათის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. თუმცა ამ ოფიციალური შეკვეთების პარალელურად, იგი ჩუმად მიჰყვებოდა საკუთარ ინტერესს უფრო პირადი თემების მიმართ და ქმნიდა ძალიან სახასიათო პორტრეტებს, პეიზაჟებს, აბსტრაქტულ კომპოზიციებსა და შიშველი სხეულების ეტიუდებს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის დაფარული იყო და საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ იხილა დღის სინათლე.

1991 წლის ნოემბრიდან 1992 წლის აპრილამდე გეტმან თოფურია კერძო მიწვევით იმყოფებოდა იტალიაში, მეგობართან. მან თან წაიღო თავისი რამდენიმე ნამუშევარი და იტალიაში ცხოვრების 4 თვის მანძილზე შექმნა კიდევ ბევრი პეიზაჟი და პორტრეტი. მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა იტალიაში, ბრეშას სან-მიკელეს გალერეაში (21.12.1991 – 06.01.1992), რასაც მოჰყვა ახალი ექსპოზიცია მილანში, სან-მიკელეს ომონიმურ ცენტრში, ვია სინტორიზე (26.02.1992 – 14.03.1992), რომელიც მიუძღვნა ქალიშვილს, 20 წლის იუბილის აღსანიშნავად. აი, რას წერდნენ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები ქართველი მხატვრის შესახებ:

„სან-მიკელეს გალერეაში წარმოდგენილია მხატვარი გეტმან თოფურია, რომელიც ისტორიულ-ავანგარდისტული ექსპრესიონიზმის სივრცეში მონაცვლეობს, განსაკუთრებით — ექსპრესიონიზმისა და კუბიზმის სივრცეში.
ფიგურებსა და პეიზაჟებში ჩადებული სათქმელი აგებულია ჭეშმარიტად საოცარი ოსტატობითა და მხატვრული ღირსებით.
ჩნდება აზრი, რომ ახლად აღმოჩენილ აღმოსავლურ სამყაროს, ეტყობა, დასავლური სამყაროსთვის ჭეშმარიტად სერიოზული, მნიშვნელოვანი შედევრების შეთავაზება შეუძლია. და თოფურიას სამყაროც, თავისი მიმზიდველობითა და სტილისტური გადმოცემით, იკითხება რა სიღრმისეულად, მშვენიერი მხატვრობის ნაყოფის გემოთი ტკბობის საშუალებას იძლევა.“

„გალერეაში ასევე გვხვდება ქართველი მხატვრის, გეტმან თოფურიას ნამუშევრები: მშვენიერი პორტრეტები და მეტად საინტერესო პეიზაჟები, ექსპრესიული ძალით დამუხტული, დიდი ოსტატობით შესრულებული, პოსტიმპრესიონისტულ მოგონებებთან შერწყმული მონასმები.
მოდერნისტული სულისკვეთების კლასიკური მანერა. სამართლიანად თვლიან, რომ ამჯერად გეტმან თოფურია გვაცნობს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მხატვრობას. ხელოვნების იქაური კრიტიკოსებიც ერთი აზრის არიან იმაში, რომ მხატვარი ჩაწვდა ხელოვნების საიდუმლოს.“

„ეს არის მხატვარი, რომელშიც მანერულობა ერწყმის მის ფართო გამოყენებას, თითქოსდა როგორც თანდაყოლილი სტიმულის მოძრაობას ან სწორედ ოსტატობის ცხოველმყოფელობას. ასე იგება წარმოსახვა რითმულ სტილში — კლასიკურ-ექსპრესიონისტული თანამედროვე მხატვრობა. ამდენად, მაძიებელ თოფურიას ხელეწიფება ჩასწვდეს გრძნობის რთულ სამყაროს, სადაც დიდი პოეტური დინამიურობით იღებს ემოციას, რაც ჰუმანური დატვირთვით გიზიდავს. ყოველივე ეს კი წარმოიქმნება ხაზის სითამამითა და ფერების ცოცხალი მეტყველებით.
მარკ პანოტა.“

ამგვარად, იტალიაში აღიარებული მხატვრის ნამუშევრების დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა კერძო კოლექციებში; საქართველოში დაბრუნებულს არცერთი ნამუშევარი უკან არ ჩამოუტანია.

მხატვარი განაგრძობდა ინტენსიურ მუშაობას და სულ ძიების პროცესში იყო. იგი მუშაობდა სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით. მისი ნამუშევრები შესრულებულია: ზეთში, ტემპერაში, აკვარელში, ფანქარში, პასტელსა და ნახშირში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პასტელში შესრულებული მისი პორტრეტები და შიშველი ნატურები 2015-2017 წლებში, როდესაც მხატვარს დაწყებული ჰქონდა დემენცია. მისი ნამუშევრებიდან ნელ-ნელა გაქრა ნაკვთები, სახის ნაწილები: ცხვირი, თვალი... ეს ნამუშევრები საკმაოდ ავანგარდული და ექსპრესიულია. მართალია, სიცოცხლის ბოლო წლებში უჭირდა ოჯახის წევრების ცნობა, მაგრამ კარგად ცნობდა თავის ნამუშევრებს და ზუსტად იცოდა, რომ მხატვარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ბოლო 3-4 წელი აღარ მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ ყოველდღე მუშაობს. გეტმან თოფურია გარდაიცვალა 2025 წლის 14 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში. ის დაკრძალულია კუკიაზე, საოჯახო სასაფლაოზე.